logo
ENG



ლიეტუვა ოკუპირებული ცხინვალის "სასამართლოს" მიერ გახელაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს გმობს

06 თებ 202116:16
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/06/nzs8y9e97xjwwtx.jpg

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძისთვის ოკუპირებული ცხინვალის მიერ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ოფიციალური ვილნიუსი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დამცველად რჩება. 

უწყების განცხადება Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. 

განცხადების თანახმად, ლიეტუვა გმობს რუსეთის მიერ კონტროლირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სასამართლოს მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის მიმართ გამოტანილ უკანონო განაჩენს. 

"ეს არის 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა და 2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების აშკარა დარღვევა", - წერია განცხადებაში.  

ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წელი და 6 თვე მიუსაჯეს

ზაზა გახელაძე 6 თვის წინ, 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. გახელაძეს 12-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დე ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს და ზაზა გახელაძის მხარდამჭერი განცხადება არა ერთმა ქვეყანამ გააკეთა, მათ შორის განცხადება გაავრცელა ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, რომელმაც გახელაძის დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვა. 


close დახურვა